ჯეირანი
ჯეირანი - ქორეოგრაფიული ქარგა ამ ულამაზესი ცეკვისა, რომლის ერთ-ერთი ბრწყინვალე შემსრულებელიც ცნობილი ქართველი მოცეკვავე, ქართული ნაციონალური ბალეტის ”სუხიშვილების” დამფუძნებელი, ქალბატონი ნინო რამიშვილი იყო, აგებულია კლასიკური ბალეტის ილეთებისა და ნადირობის რიტუალის ამსახველი დინამიური სცენების სინთეზზე.
ყაზბეგური
ყაზბეგური - საქართველოს მთიანეთში დაბადებული ეს ცეკვა, თავისი შინაარსითა და ქორეოგრაფიული მონახაზით, გარკვეულწილად ასახავს კიდეც მთის ცხოვრებისთვის დამახასიათებელ მკაცრ და ხისტ ატმოსფეროს, რაც საცეკვაო მოძრაობების დინამიზმსა და სიზუსტეში გამოიხატება. აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ ამ ცეკვას მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ და ეს ასპექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, მთის ბინადართათვის დამახასიათებელ ხასიათის სიმტკიცესა და მდგრადობას, რომლის წარმოჩენაც ცეკვა ”ყაზბეგურის” მთავარი ლაიტმოტივია.
კინტოური
კინტოური - ქალაქური ტიპის ცეკვათა რიცხვს განეკუთვნება და თავისი არსით ძველი ქალაქის ცხოვრებას ასახავს, თავად ცეკვის სახელწოდება, ძველი თბილისის კოლორიტი წვრილი ვაჭრების, კინტოების სახელს უკავშირდება. მოცეკვავეთა სამოსიც კინტოებისთვის დამახასიათებელია, შავი ატლასიას შარვალ-ხალათი და ვერცხლის ქამარში გაჩრილი აბრეშუმის წითელი ხელსახოცი. კინტოები ამ ხელსახოცებში გამოაკრავდნენ ხოლმე მყიდველის მიერ არჩეულ საქონელს (ძირითადად ხილს ან ბოსტნეულს) ასაწონად. კინტოებისთვის დამახასიათებელი გამჭრიახობა, სიმკვირცხლე და კომუნიკაბელურობა კარგადაა ასახული ”კინტოურის” ქორეოგრაფიულ გადაწყვეტაში.
ფარცა
ფარცა - ეს ცეკვა გურიის რეგიონიდან იღებს სათავეს, გამოირჩევა უსწრაფესი და ულამაზესი ილეთებით, მისი დინამიური ქორეოგრაფიული ქარგა, ურთულესი ხტომითი მოძრაობები, მოცეკვავეების მიერ სცენაზე შეკრული კამარა, მაყურებელში ერთდროულად იწვევს აღფრთოვანებისა და ზეიმის განცდას
ხანჯლური
ხანჯლური - ქართული ხალხური ცეკვა. ასრულებენ ხანჯლებით. აგებულია მთიულური ცეკვის ელემენტებზე. წარმოადგენს ცეკვისა და ჟონგლიორობის სინთეზს. საცეკვაო ილეთების შესრულებასთან ერთად მოცეკვავე ხანჯლებს მაღლა ისვრის, ისევ იჭერს და ოსტატურად ასობს იატაკზე (მიწაში).
No comments:
Post a Comment