ხორუმი
ხორუმი - საბრძოლო ხასიათის ეს ცეკვა, საწყისს აჭარის რაგიონიდან იღებს. თავდაპირველად მას მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი ასრულებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შემსრულებელთა რაოდენობა გაიზარდა და ხორუმის თანამედროვე ვარიანტში, ოცდაათიდან ორმოცამდე მოცეკვავეს შეუძლია მონაწილეობის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ მოცეკვავეთა შემადგენლობა შეიცვალა, თავად ცეკვის სტილი პირვანდელი და უცვლელი დარჩა. ცეკვა იწყება რამოდენიმე მოცეკვავის სცენაზე შემოსვლით, ისინი განასახიერებენ მეომრებს, რომლებიც ბრძოლის წინ დიდი სიფრთხილით ზვერავენ საომარ ტერიტორიას. შემდგომ ამისა კი სცენაზე ლაშქრის დანარჩენ წევრებსაც უხმობენ. ეს ცეკვა მაყურებელს ერთდროულად გადმოსცემს: ძიების, ბრძოლისა და მტერზე გამარჯვების სიხარულით გამოწვეულ განცდას. ხორუმი ცეკვაში განსახიერებული სიმბოლოა, ქართველ მებრძოლთა ვაჟკაცობისა და დიდებულებისა.
ხევსურული
ხევსურული - მთაში დაბადებული ეს ცეკვა, თავის თავში აერთიანებს: ტრფობის, ვაჟკაცობისა და ქალისადმი პატივისცემის ელემენტებს. ცეკვა ხევსურული, წყვილის ფლირტით იწყება, რომელშიც მოულოდნელად მესამე მამკაცი, სავარუდოდ ქალის კიდევ ერთი თაყვანისმცემელი ერევა. ელვის უსწრაფესად, ქალ-ვაჟს შორის ფლირტს სცენაზე, მეტოქეთა შორის ხელჩართული ორთაბრძოლა ცვლის. მათი დაზავება კი, მხოლოდ დავის ობიექტი ქალბატონის მიერ, მოპაექრეთა შორის ჩაგდებული მანდილით ხერხდება. თუმცაღა როგორც კი ქალი ტოვებს ბრძოლის ველს, მამაკაცებს შორის დუელი უფრო ენერგიული ტემპებით გრძელდება, საბოლოო ჯამში, ორთაბრძოლა ისევ და ისევ მანდილოსანთა ჩარევით, ამჯერად უკვე საბოლოოდ და მშვიდობიანად მთავრდება. ურთულესი მოძრაობები, რომლითაც ცეკვის დროს საბრძოლო მოქმედებების იმიტირება ხდება, გასაოცარი ოსტატობითა და სიზუსტით სრულდება. მოცეკვავისგან ამ მოძრაობების შესრულება უდიდეს ტაქნიკას და ინტენსიურ პრაქტიკას მოითხოვს
სიმდი და ხონგა
სიმდი და ხონგა - ეს ორი ცეკვა ოსეთის რეგიონიდან იღებს სათავეს, მათ შორის ბევრი საერთოა, თუმცა ბევრია განსხვავებაც. მოძრაობები, კოსტიუმები (გრძელსახელოებიანი სამოსი, მაქსიმალურად მაღალი, წოწოლა თავსაბურავები) ორივე ცეკვაში ერთნაირია, თუმცა ხონგას მოცეკვავეთა შედარებით მცირე რაოდენობა ასრულებს, სიმდში კი მათი რიცხვი გაცილებით მეტია. ხონგას შესრულებაში განსაკუთრებით რთული და ამასთანავე სანახაობრივად ულამაზესი, მამაკაცის პარტიაა. სიმდი კი წყვილთა ნელ და ზუსტ მოძრაობებზეა აგებული. ამ ცეკვის მთავარი სილამაზე მოცეკვავეთა მწკრივების რიტმულ, ერთიან ტრიალსა და მათი შავ-თეთრი სამოსის მონაცვლეობა-კონტრასტს ეფუძნება
No comments:
Post a Comment